"თიბისი კაპიტალმა" საქართველოში ობლიგაციების ბაზრის კვლევა ჩაატარა. ანგარიშში დეტალურადაა მიმოხილული ქვეყანაში ობლიგაციების ბაზრის განვითარების ტენდენციები და პერსპექტივები. კვლევის მიხედვით, სახელმწიფო ობლიგაციების ბაზარი სწრაფად ვითარდება. კორპორაციულმა ბაზარმა განვითარება 2014 წელს დაიწყო, როდესაც ეროვნულმა ბანკმა ადგილობრივ კომერციულ ბანკებს ნება დართო გირაოს სახით ლარში წარედგინათ დენომინირებული კორპორაციული ობლიგაციები. მიუხედავად სწრაფი ზრდისა, გასული წელს, საჯაროდ განთავსებული კორპორაციული ობლიგაციების ჯამურმა რაოდენობამ 232 მილიონი ლარი შეადგინა; მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 0,6%, რაც შესადრის ქვეყნებთან მიმართებაში დაბალი მაჩვენებელია. ანგარიშში ასევე მიმოხილულია კორპორაციული ბაზრის ზრდის ხელშემწყობი ფაქტორები, მათ შორის საგადასახადო შეღავათები საჯაროდ განთავსებულ ობლიგაციებზე, კომპანიების გამჭვირვალეობის ზრდა საკანონმდებლო ნორმების მოთხოვნით. კვლევაში განსაკუთრებული ადგილი უკავია საპენსიო რეფორმას, რომლის შედეგად, თიბისი კაპიტალის კვლევის გუნდი ვარაუდობს, რომ გრძელვადიანი ლარის რესურსი გაჩნდება და ფონდის დაახლოებით 4 % განთავსდება ადგილობრივ კორპორაციულ ობლიგაციებში. ამასთან, თიბისი კაპიტალის კვლევის გუნდის განცხადებით, საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოს კორპორაციული ობლიგაციების ბაზარი შესაძლოა 1 მილიარდ ლარამდე გაიზარდოს.