„თიბისი კაპაიტალმა“ ეკონომიკურ გარემოზე COVID-19-ის გავლენები შეაფასა და რეპორტი გამოაქვეყნა. ანალიტიკური დოკუმენტის წარდგენა „თიბისის“ პარტნიორებისთვის ციფრული პლატფორმის მეშვეობით ვირტუალურ კონფერენციაზე განხორციელდა.
დოკუმენტის თანახმად, ამ ეტაპზე COVID-19-ის გავრცელება ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორს შეეხო, თუმცა ის განსაკუთრებით ტურიზმის, სარესტორნე, ავიაციის, ხანგრძლივი მოხმარების საქონლის და უძრავი ქონების სექტორებზე აისახება. თიბისი კაპიტალის შეფასებით, ტურისტული შემოდინების კლება აპრილსა და მაისში მიაღწევს მაქსიმუმს.
საბაზო სცენარის მიხედვით ვითარების ეტაპობრივი ნორმალიზება მეორე კვარტლის ბოლოდან დაიწყება, ხოლო წლის ბოლოსთვის ზრდა განახლდება. ჯამურად, 2020 წელს ტურისტული შემოსავლების 25%-იანი კლებაა ნავარაუდევი.
,,თიბისი ბანკში“ ამბობენ, რომ „თიბისი“ კაპიტალის მიერ წარმოდგენილი ანალიზი და მიგნებები დამატებითი ძლიერი ინსტრუმენტია კომპანიებისთვის არსებული მდგომარეობის კარგად შესაფასებლად, რაც კომპანიების წარმომადგენლებს დაეხმარება მომდევნო თვეების ეფექტურად დაგეგმვაში. სიტუაციის ცვალებადობიდან გამომდინარე მსგავს ანალიზს რეგულარული ხასიათი ექნება.