მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ TBCBANK GROUP-ის ხელმძღვანელი თანამდებობები დატოვეს. ამის შესახებ გუშინ ღამით ხაზარაძემ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა. დღეს კი აღნიშნულთან დაკავშირებით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე „თიბისი ჯგუფის“ განცხადებაც გამოქვეყნდა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გადადგომის გადაწყვეტილება თავად ხაზარაძემ და ჯაფარიძემ მიიღეს. ამასთან, „თიბისი ჯგუფის“ განცხადებით, ისინი სრულ ნდობას უცხადებენ ხაზარაძე-ჯაფარიძეს და აღნიშნავენ, რომ როგორც კი მათ მიმართ წაყენებულ ბრალდებებს პასუხი გაეცემა, ისინი დაბრუნდებიან TBCBANK GROUP-ის სამეთვალყურეო საბჭოში.
ამასთან, განცხადების მიხედვით, მამუკა ხაზარაძეს TBCBANK GROUP-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე დროებით ნიკოლოზ ენუქიძე ჩაანაცვლებს. ცნობისთვის, ენუქიძე 2013 წლიდან არის „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი.
შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ გუშინ, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ბრალი ედებათ ჯგუფურად, 16 მილიონ 754 ათასი ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.