"თიბისი ჯგუფი" უძრავი ქონების ციფრული ეკოსისტემის განვითარებას იწყებს, ამისთვის „თიბისი“-მ უძრავი ქონების პლატფორმა Allproperty-ს 90%-იანი წილი იყიდა. შესაბამისი ხელშეკრულება მხარეებს შორის უკვე გაფორმდა. უახლოეს მომავალში ციფრულ პლატფორმას ბევრი ახალი ფუნქციონალი დაემატება, რაც მომხმარებელს გაუმარტივებს უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას. პლატფორმა ღია იქნება როგორც ბინის გაყიდვის მსურველი ფიზიკური პირებისთვის, ისე დეველოპერებისთვის. უძრავი ქონების ყიდვით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს საშუალება ექნება დისტანციურად, სახლიდან გაუსვლელად ისარგებლოს შემდეგი სერვისებით: უძრავი ქონების მოძებნა, შედარება სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით, შეფასება, დაფინანსების მიღება, უძრავი ქონების გადაფორმება, რემონტის დაგეგმვა, ავეჯის შეძენა და სხვა. Allproperty.ge-ს განვითარება "თიბისი ჯგუფის" იმ სტრატეგიის ნაწილია, რომელიც ციფრული ეკოსისტემების შექმნას გულისხმობს. "თიბისის" წარმომადგენლების თქმით, ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.