ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებით, "თიბისი ბანკის" გარშემო განვითარებულ მოვლენებს ანაკლიის პორტის დაფინანსებაზე გავლენა არ ექნება. მისივე ინფორმაციით, მთავრობა მხარს უჭერს ანაკლიის პორტის პროექტს. რაც შეეხება ზოგადად ქვეყნის ეკონომიკაზე ზემოქმედებას, მინისტრის თქმით, თიბისი ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ქვეყნის ეკონომიკაზე გარკვეული სახის გავლენა ექნება. თიბისი ბანკის საქმესთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მიღებას ელის დებუტატების ნაწილი. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ანაკლიის პორტთის მიმართ სახელმწიფოს მხარდაჭერა საკმაოდ ძლიერია. რომან კაკულიას კი მოლოდინი აქვს, რომ გამოძიება შეკითხვებს გონივრულ და ადეკვატურ პასუხებს გასცემს. ცნობისთვის, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. ოფიციალური ვერსიით, საქმე ბანკის მიერ 2007-2008 წლებში განხორციელებულ ტრანზაქციებს ეხება. რამდენიმე დღის წინ კი ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის გადაყენება მოითხოვა. საკითხთან დაკავშირებით ხაზარაძემ და ჯაფარიძემ პრესკონფერენცია გუშინ გამართეს. თიბისი ბანკის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაზემ განაცხადა, რომ პროკურატურის მიერ დაწყებული დაჩქარებული გამოძიება და ბანკის დამფუძნებლების დანაშაულთან დაკავშირება, საფრთხეს უქმნის ანაკლიის პორტთან დაკავშირებული ხელშეკრულების გაფორმების პროცედურას. ამასთან, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები აცხადებენ, რომ ბანკის გარშემო შექმნილ სიტუაციაზე მსჯელობისთვის პარლამენტის შესაბამის კომიტეტში მისასვლელად მზად არიან.