საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მარიამობის დღესასწაულს ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ქართველ სამხედროებთან ერთად შეხვდა.უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრმა საავიაციო ბაზაზე მოქმედ ქართულ ტაძარს საჩუქრად მარიამ ღვთისმშობლის ხატი გადასცა. მარიამობის დღესასწაულს ქართველ სამხედროებთან ერთად ქართული ეკლესიის უცხოელი მრევლიც დაესწრო, მათ შორის, ბოსნიელი სამხედრო მოსამსახურეები. მართლმადიდებლურ დღესასწაულზე ბაგრამის საავიაციო ბაზის ამერიკელი სამხედრო კაპელანიც იმყოფებოდა. ბაგრამის საავიაციო ბაზაზე საეკლესიო ღვთისმსახურება 52-ე ბატალიონის სამხედრო კაპელანმა, მამა ზაქარიამ აღავლინა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ კი თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ეკლესიაში შეკრებილ ქართველ და უცხოელ სამხედრო მოსამსახურეებს თბილისიდან სპეციალურად ამ დღისთვის ჩატანილი მარიამობის ქადებით გაუმასპინძლდა.