აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ- მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან, სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ის ისრაელსა და პალესტინელ მებრძოლებს შორის ცეცხლის შეწყვეტას უჭერს მხარს.
„ორმა ლიდერმა „ჰამასისა“ და სხვა ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ ისრაელის სამხედრო ოპერაციებში მიღწეული პროგრესი განიხილა. პრეზიდენტმა გამოხატა მხარდაჭერა ცეცხლის შეწყვეტის მიმართ და ამ მიზნის მისაღწევად ეგვიპტესთან და სხვა პარტნიორებთან ერთად აშშ-ის ჩართულობის საკითხიც განიხილა,“- აცხადებენ თეთრ სახლში.
მათივე ინფორმაციით, ბაიდენმა მოუწოდა ისრაელს, ყველა ღონე იხმაროს მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად.
„პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა ისრაელის უფლების მიმართ, დაიცვას საკუთარი თავი სარაკეტო თავდასხმებისგან. მან ისრაელს მოუწოდა, ყველანაირად ეცადოს, რომ უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვა უზრუნველყოს,“- აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.