the Wall Street Journal-თან ინტერვიუში სავაჭრო მოლაპარაკებებზე ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე გაზრდილი საბაჟო ტარიფების გაუქმებას ამ ეტაპზე არ გეგმავს.
მისი თქმით, წინა ადმინისტრაციის მიერ შემოღებული ტარიფები ჩინეთთან მოლაპარაკებებში მოქმედი ინსტრუმენტია და მისი მიზანი ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის ბალანსის გათანაბრებაა.
მარტის დასაწყისში ბაიდენის ადმინისტრაციამ სავაჭრო პოლიტიკის პროგრამა წარმოადგინა. მასში ნათქვამია, რომ ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობის პრაქტიკა ამერიკის ტექნოლოგიურ უპირატესობას ზიანს აყენებს, რის საწინააღმდეგოდაც შტატების ხელისუფლება ყველა ინსტრუმენტის გამოყენებას აპირებს.