ამერიკის შეერთებულ შტატებში ვაქცინაციის მაჩვენებელი 20%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ბევრმა ორგანიზაციამ თანამშრომლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახადა, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ თეთრი სახლის კოვიდ-19-ის საკითხებზე რეაგირების კოორდინატორმა ჯეფ ზინტსიმ განაცხადა.
„ივლისის ბოლოდან, როდესაც პრეზიდენტმა პირველად გამოაცხადა ვაქცინაციის მოთხოვნის შესახებ და მოუწოდა ორგანიზაციებს, მის მითითებას მიჰყოლოდნენ, ამერიკელების რიცხვი, რომლებიც არ არიან აცრილები, დაახლოებით ერთი მესამედით, 97 მილიონიდან 66 მილიონამდე შემცირდა”, - აღნიშნა ზინტსიმ.
მისი თქმით, ამ დროისთვის ამერიკელების 77%-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მინიმუმ ერთი დოზა აქვთ მიღებული.
ამასთან, აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელის, როშელ ვალენსკის განცხადებით, შემცირებულია კორონავირუსით დაინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები. კერძოდ, დაინფიცირების შვიდდღიანი მაჩვენებელი წინა კვირასთან შედარებით 12%-ით, გარდაცვალების კი - 5 %-ით ნაკლებია.
ამასთან, როშელ ვალენსკის განმარტებით, დადებითი დინამიკის მიუხედავად, აუცილებელია სიფხიზლის შენარჩუნება.