ამერიკულმა ელექტრომობილების მწარმოებელმა კომპანიამ Tesla-მ 2019 წლის მეოთხე კვარტალში 112 ათასი ელექტრომობილი გაყიდა, რაც მესამე კვარტალთან შედარებით 15 ათასით მეტია.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ, მეოთხე კვარტლის განმავლობაში ყველაზე გაყიდვადი - Model 3 აღმოჩნდა, რომელზეც კომპანიის საერთო გაყიდვების 70% მოდის.
Tesla-მ 2019 წელს ჯამში, 367 ათას 500 ავტომობილი გაყიდა, რაც 2018 წელთან შედარებით 50%-იანი ზრდაა. ამ მაჩვენებლით კომპანიამ მისი პროგნოზი გაამართლა, რომლის თანახმადაც, 2019 წელს 360-400 ათასი ელექტრომობილის გაყიდვას პროგნოზირებდა.
პოზიტიური ინფორმაციის გავრცელების ფონზე კომპანიის აქციებზე ფასმა 3%-ით მოიმატა.