გერმანიის მთავრობა წლის ბოლოსთვის დაასახელებს თანხის ოდენობას, რომელსაც, სახელმწიფო მხარდაჭერის ფარგლებში, კომპანია Tesla-ს გადასცემს. ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებელი ფინანსურ მხარდაჭერას ბერლინის მახლობლად დაგეგმილი ბატარეების ქარხნის მშენებლობისთვის მიიღებს. ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროს განცხადებას Reuters-ი ავრცელებს.
ევროკავშირმა იანვარში ქარხნის მშენებლობის გეგმა მოიწონა, რომელიც ელექტრომობილების აკუმულატორების წარმოებისთვის Tesla-ს, BMW-სა და სხვა მწარმოებლების ფინანსურ მხარდაჭერას ითვალისწინებს. ბლოკის მიზანია, დარგის ლიდერის, ჩინეთის იმპორტი შეამციროს. ევროკავშირის მიერ დამტკიცებული პროექტი, European Battery Innovation 2 მილიარდ 900 მილიონი ევროს ანუ 3 მილიარდ 450 მილიონი დოლარის ღირებულებისაა და მასში 40-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს.
გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, Tesla ბერლინთან ახლოს, გრიუნჰაიდში აკუმულატორების ქარხნის მშენებლობაში 5 მილიარდი ევროს ინვესტირებას გეგმავს. ეს ქარხანა ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხნის დანამატი იქნება, რომლის მშენებლობაც იმავე ადგილზე, თითქმის, დასრულებულია.
ადგილობრივი გაზეთის Tagesspiegel-ის ცნობით, ინვესტიციების უჩვეულოდ დიდი ოდენობა იმაზე მიუთითებს, რომ ავტომობილების ამერიკული მწარმოებელი მილიარდ 140 მილიონ ევროს ოდენობის გერმანიის სახელმწიფო სუბსიდიაზე აკეთებს გათვლას.