ელექტრომობილების მწარმოებელი მსოფლიოს უმსხვილესი კომპანია „ტესლა“ გეგმავს ელექტრომობილების მფლობელებს და მესამე პირებს მისცეს საშუალება თავადვე შეაკეთონ მანქანები. ამის შესახებ ამერიკული მედია წერს. ეს გადაწყვეტილება იმის მაუწყებელია, რომ „შეკეთების უფლების“ სხვებისთვის მინიჭებით, ავტომწარმოებელი იძულებული ხდება გაყიდოს ელექტრომობილების ნაწილები და დიაგნოსტირების ინსტრუქციები მაღაზიებზე და მომხმარებლებზე. თავდაპირველად აღნიშნული ცვლილება შეეხება მასაჩუსეტსის შტატში მდებარე სერვის-ცენტრებს, მოგვიანებით კი იგი ყველა შტატზე გავრცელდება.
"ტესლას" ცვლილება ნიშნავს იმას, რომ უახლოეს მომავალში არამხოლოდ სერვისცენტრებს, არამედ უბრალოდ ტესლას ელექტრომობილის მფლობელს ექნება შესაძლებლობა თავადვე იყიდოს სასურველი ნაწილი და გამოცვალოს.
ამ გადაწყვეტილების მიღება ახლა ნამდვილად არ იყო მარტივი, ვინაიდან ბოლო პერიოდში „ტესლას“ ნამდვილად არ უდგას კარგი პერიოდი. 2018 წლის სექტემბრის ბოლოს მისი დამფუძნებელი ელონ მასკი დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგა, ამასთან, კომპანია 20 მილიონი დოლარით დააჯარიმეს. შეგახსენებთ, აშშ-ს ფასიანი ქაღალდების ფედერალურმა კომისიამ კომპანია Tesla-ს ხელმძღვანელის ელონ მასკის წინააღმდეგ სასამართლოში იჩივლა. საჩივრის მიზეზი გახდა მასკის მიერ გაკეთებული განცხადება კომპანიის აქციების სრულად ამოსყიდვაზე და მის დახურულ კომპანიად გადაკეთებაზე. მოსარჩელე მხარე აცხადებს, რომ ამ განცხადებებმა აქციონერების დაბნეულობა გამოიწვია.