ამერიკული ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla გეგმავს ევროპაში განახორციელოს ჩინეთში წარმოებული ელექტრომობილების ექსპორტი. საუბარია Model 3-ზე, რომლის წარმოებაც შანხაის ქარხანაში ხდება. ამის შესახებ სააგენტო Xinhua წერს.
ჩინეთში აწყობილი Tesla-ს სედანების პირველი პარტია, რომელიც მომდევნო სამშაბათს დატოვებს შანხაის პორტს, ბელგიის პორტ ზებრიუგეში ნოემბერში ჩავა. ეს ავტომობილები გაიყიდება გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში, პორტუგალიასა და შვეიცარიაში.-0:13
შეგახსენებთ, რომ შანხაის ქარხანა ამ დროისთვის ერთადერთი ქარხანაა, რომელიც ამერიკული ბრენდის ელექტრომობილებს ამერიკის ფარგლებს გარეთ აწარმოებს. ამ ქარხნის მშენებლობის დაწყებაზე შეთანხმება 2018 წლის ივლისში გაფორმდა. ქარხანა წლიურად 500 ათასი ელექტრომობილის წარმოებას გეგმავს. პროექტში უკვე ჩადებულია 7 მილიარდი დოლარის ინვესტიცია, თუმცა ის სრული დატვირთვით ჯერ კიდევ არ მუშაობს.