სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 9 აგვისტოს, ბათუმში, ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე მსჯავრდებული,1997 წელს დაბადებული, ძებნილი რუსლან შავაძე დააკავეს, - ამის შესახებ სუს-ის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:„თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის განაჩენით, რუსლან შავაძე ცნობილ იქნა დამნაშავედ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარებისათვის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ გადაკვეთისათვის. რუსლან შავაძეს სასჯელის სახით დაუსწრებლად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328 მუხლით, 344 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით.