თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში კორონავირუსი კიდევ ორ ადამიანს დაუდასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობამ 12 შეადგინა. ანალიზების შედეგები გვიან ღამით გახდა ცნობილი.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, თერმოსკრინინგი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე სოფლის ყველა მცხოვრები არ შემოწმდება.
ამ დროისთვის სოფელში თერმოსკრინიგი 700-ზე მეტ ადამიანს აქვს ჩატარებული. რაც შეეხება სასურსათო მაღაზიებს, სამივე მაღაზია დღეს განაახლებს მუშაობას. ასევე გაიხსნება აფთიაქი.
შეგახსენებთ, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი გუშინ ჩაიკეტა. მოქმედებს 5 ბლოკ-საგუშაგო და სოფლის ყველა შესასვლელ-გასასვლელს შს და თავდაცვის სამინისტროების წარმომადგენლები მკაცრად აკონტროლებენ. ადგილობრივებს როგორც სოფელში შესვლა, ასევე მისი დატოვება ეკრძალებათ. სოფელ ღვანკითში 705 ოჯახი - 2,438 ადამიანი ცხოვრობს.