თემურ ქეცბაია კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ოფიციალურად წარადგინეს. მხარეებს შორის კონტრაქტი გუშინ გაფორმდა და ის ძალაში მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლომდე იქნება. ქეცბაია კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გეორგიოს კუმასმა წარადგინა, მას წარმატებები უსურვა და კვიპროსის ნაკრების 14-ნომრიანი მაისური სიმბოლურად გადასცა. 14 ნომერი იმიტომ, რომ ანორთოსისში თემური სწორედ ამ ნომრით თამაშობდა. ქართველი სპეციალისტის ასისტენტი ნაკრებში სოსო ჭედია იქნება. 54 წლის ქეცბაიამ კონტრაქტის გაფორმების შემდეგ კომენტარიც გააკეთა.
„კვიპროსის ნაკრების მწვრთნელობა დიდი გამოწვევა და დიდი პასუხისმგებლობაა. იმედი მაქვს, რომ ყველა იმ მოლოდინს გავამართლებ, რომელიც ჩემს მიმართ არსებობს. მომდევნო ორ მატჩში ჩვენი მიზანი დადებითი შედეგის მიღწევაა, რათა თავიდან ავიცილოთ ჯგუფში ბოლო ადგილის დაკავება. იმედი მაქვს, რომ ხალხი ნაკრებს პატივის სცემს, მათ ეროვნული გუნდისგან ძალიან დიდი მოლოდინი აქვთ, მაგრამ ფეხბურთელებიც სტადიონზე ხალხის მოლოდინში არიან. არ შეიძლება კვიპროსული გუნდების თამაშზე 10-15 ათასი გულშემატკივარი მიდიოდეს სტადიონზე და ეროვნულმა ნაკრებმა 8-ათასიანი სტადიონის ტრიბუნები ვერ გაავსოს. ვიმედოვნებთ, რომ ეს შეიცვლება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გამარჯვებები მოვიპოვოთ და მთელი ერი გავახაროთ", - განაცხადა ქეცბაიამ.