გასულ წელს, ქვეყანაში ამოქმედებული ახალი საბანკო რეგულაციების შედეგად, კომპანიებში გაყიდვებმა იკლო. ზოგ კომპანიაში კი გაყიდვები 50%-თაც კი შემცირდა. მათ შორის ერთ-ერთი "ტექნო ბუმია". არსებული ვითარების გამოსასწორებლად, თვის ბოლომდე "ტექნო ბუმში" გაყიდვების ახალი სისტემა ამოქმედდება. კერძოდ კი; საუბარია შიდა განვადებაზე, რომლის საშუალებითაც მომხმარებლებს ბანკთან ურთიერთობა აღარ მოუწევთ. კომპანიის დამფუძნებელი ანზორ ქოქოლაძე იმედოვნებს, რომ ამ მიდგომით, კომპანიის გაყიდვები მნიშვნელოვნად გაიზრდება. მისივე თქმით, ნახევარ წელიწადში საბანკო რეგულაციების შედეგად შემცირებული გაყიდვების მოცულობა ისევ შეივსება. რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთს, ,,ტექნო ბუმის“ დამფუძნებელი არ გამორიცხავს, რომ შიდა განვადება უპროცენტო იყოს.შეგახსნებთ, რომ გასული წლის 7 მაისიდან მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე კომერციულ ბანკებს კრედიტის გაცემა შეეზღუდათ. თვითდასაქმებულებს კომერციული ბანკიდან თანხის მისაღებად დამატებითი დოკუმენტების წარდგენა სჭირდებათ. საყოფაცხოვრებო ნივთების ან ტექნიკის განვადების წესით შეძენის დროსაც იგივე პრინციპი მოქმედებს. ამას დაემატა 2019 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოს ეროვნული ბანკის დებულება „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ“, რომლითაც სესხის გამცემ ყველა ორგანიზაციას მსესხებლის გადახდისუნარიანობის შეფასება დაევალა.