კომპანია "თეგეტა მოტორსმა" "თიბისი კაპიტალის" დახმარებით 30 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციების ემისია განახორციელა, რაც 2019 წელს ლარის კორპორაციული საჯარო ობლიგაციების სეგმენტში ყველაზე მსხვილი ტრანზაქციაა. ობლიგაციებში ინვესტირება განახორციელეს რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ინსტიტუციონალურმა ინვესტორებმა, მათ შორის: ბანკებმა, სადაზღვევო კომპანიებმა და საერთაშორისო საფინანსო ისტიტუტებმა. ობლიგაციების დაშვება საქართველოს საფონდო ბირჟაზე ლისტინგში, 2019 წლის მაისში იგეგმება. "თეგეტა მოტორსში" ამბობენ, რომ ობლიგაციებიდან მოზიდულ სახსრებს კომპანია მიმართავს არსებული საბანკო სესხების რეფინანსირებისთვის, რის შედეგედაც შეძლებს ვალდებულებების ვადიანობის გახანგრძლივებას, დაფინასების სტრუქტურის დივერსიფიცირებას და წვდომას კაპიტალის ბაზრებზე. ამასთან, ამ პროექტით "თეგეტა მოტორსი" პირველად გადის ღია ფინანსურ ბაზარზე, რაც კომპანიას მნიშვნელოვან პერსპექტივებს უხსნის შემდგომი განვითარებისთვის როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. შეგახსენებთ, რომ "თიბისი კაპიტალი" არის თიბისი ბანკის შვილობილი და ლიცენზირებული საბროკერო კომპანია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს საინვესტიციო საბანკო მომსახურებებს. კომპანიის ძირითადი ბიზნეს მიმართულებებია: ფინანსური კონსულტაციები და საკრედიტო სარეიტინგო მომსახურება, ობლიგაციებისა და აქციების ემისია, საინვესტიციო კვლევითი და საბროკერო საქმიანობა. ამასთან, აღსანიშნავია რომ ,,თიბისი კაპიტალი“ საქართველოს საფონდო ბირჟის აქციონერია და მნიშვნელოვან როლს თამაშობს საფონდო ბირჟის ინფრასტრუქტურის განვითარებაში.