1-ლი თებერვლიდან წამყვანი და მენტორი მასწავლებლების შრომის ანაზღაურება გაიზრდება. კერძოდ, წამყვანი მასწავლებელი სრული დატვირთვით მუშაობის შემთხვევაში დანამატის სახით 700 ლარს, ხოლო მენტორი - ათას ლარს აიღებს. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განაცხადეს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებლის ანაზღაურება 405 ლარს შეადგენს, რომელსაც დანამატები ემატება. მისივე თქმით, ცვლილებებამდე წამყვანი მასწავლებლის დანამატი 500 ლარი, ხოლო მენტორის 700 ლარი იყო. ამ ეტაპზე საქართველოში 257 წამყვანი და 9 მენტორი მასწავლებელია.
შეგახსენებთ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა უკვე ორი წელია მოქმედებს. სქემის მიხედვით პედაგოგები 4 კატეგორიად - პრაქტიკოსად, უფროს, წამყვან და მენტორებად გადანაწილდნენ. პედაგოგებს სქემა საშუალებას აძლევს კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.