დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, სეისმოლოგი თეა გოდოლაძე მოუწოდებს მერიას შეწყვიტონ კორპუსების მშენებლობა და შეჩერდეს სამუშაოები ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე. მისი თქმით, ვაშლიჯვრის ფერდზე მეწყერსაშიში ზონები ყოველ დღე აქტიურდება, რაც საფრთხის შემცველია.
როგორც თეა გოდოლაძე ამბობს, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდება ადგილზე არსებულ ვითარებას და მონაცემებს ამოწმებს.
მერიაში კი აცხადებენ, რომ მეწყრული პროცესების დაწყებისთანავე შექმნილია სპეციალური ჯგუფი, სადაც შედიან ქართველი და უცხოელი სპეციალისტები და სწორედ მათი მითითებითა და რეკომენდაციით სრულდება ყველა სამუშაო.