„სამშობლოს სიყვარული დანაშაული არ არის", - ამ სლოგანით თბილისში, თავისუფლების მოედანზე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
აქციაზე ორგანიზატორებმა სპეციალური მიმართვა გაავრცელეს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდეს, ძალისხმევა არ დაიშურონ და მაქსიმალური გააკეთონ იმისთვის, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს ექიმის უვნებლად დაბრუნება.
აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ ბანერები: "თავისუფლება ვაჟა ექიმს", "სამშობლოს სიყვარული დანაშაული არ არის", "სოხუმი და ცხინვალი საქართველოა".
შეგახსენებთ, რომ ქართველი ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს და 2-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თავად ექიმი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ საქართველოს მიწაზე იმყოფება.