თბილისში თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი პირველი მაღალტექნოლოგიური ქარხანა გაიხსნა. საწარმოში სამოქალაქო თვითმფრინავების კომპოზიტური დეტალები, მათ შორის, აეროდინამიკური ზედაპირი, კარი და სხვა ნაწილები დამზადდება. ქარხანაში წარმოებული პროდუქციის 100% ექსპორტზე იქნება ორიენტირებული, რაც დადებითად აისახება ქვეყნის სავაჭრო ბალანსზე. საწარმო "საპარტნიორო ფონდისა" და ებრაული კომპანია "Elbit Systems"-ის ერთობლივი პროექტია, რომლის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 93 მილიონი დოლარია. კომპანიაში დღეისათვის 80-მდე თანამშრომელია დასაქმებული. ქარხნის სრულად დატვირთვის შემდეგ კი 300 ადამიანის დასაქმება იგეგმება. საწარმოს გახსნის ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები დაესწრნენ.