თბილისის მასშტაბით არსებული საფეხმავლო ხიდების სადემონტაჟო სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადდა. სატენდერო პირობების თანახმად, სადემონტაჟო სამუშაოები 9 მარტს დაიწყება და 14 მარტს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 384 ათას 757 ლარია.
რაც შეეხება სამუშაოების მიწოდების ვადას, სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მიწოდება ეტაპობრივად, წერილობითი დავალების შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით უნდა მოხდეს.
შეგახსენებთ, რომ დედაქალაქში ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟის შესახებ თბილისის მერმა მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს განაცხადა. მერიის ცნობით, საფეხმავლო ხიდების ნაცვლად, ქვეითთა ერთდონიანი გადასასვლელების მოწყობა იგეგმება. მათივე ცნობით, მიმდინარე წელს თბილისში 19 საფეხმავლო ხიდის დემონტაჟი მოხდება.