თბილისში ლურჯი მიკროავტობუსები შესაძლოა, ისევ „ჯი-თი მოტორსმა“ შემოიყვანოს. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც 400 ერთეული მიკროავტობუსის შესყიდვას გულისხმობს, წინადადებების მიღება უკვე დასრულდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 35 მილიონ 919 ათას 468 ლარია.
როგორც შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდიდან ირკვევა, ტენდერში კომპანია „ჯი-თი მოტორსის" შეთავაზებული თანხა 35 მილიონ 729 ათას 400 ლარს შეადგენს.
ცნობისთვის, დედაქალაქში დამატებით 400 მიკროავტობუსის შესყიდვაზე მერიამ ტენდერი 2 აპრილს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 29 აპრილს დაიწყო და 4 მაისს დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ დედაქალაქში ლურჯი მიკროავტობუსების შემოყვანაზე მერიამ ტენდერი უკვე მეორედ გამოაცხადა. პირველ ტენდერში, რომელიც 300 ერთეული მიკროავტობუსის შესყიდვას ითვალისწინებდა, გამარჯვებული „ჯი-თი-მოტორსი“ გახდა. შემოიყვანს თუ არა დამატებით 400 ერთეულს „ჯი-თი მოტორსი“, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი.