თბილისში, ჰაერის ხარისხის ისედაც მწვავე მდგომარეობა, კიდევ უფრო გაუარესებულია გასულ წელთან შედარებით. ამის შესახებ ორგანიზაცია ,,საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ მიერ ჩატარებულ კვლევაშია აღნიშნული. კერძოდ, გაზრდილია იმ დამაბინძურებელ ნაწილაკთა რაოდენობა, რომელიც ადმამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ტრანსპორტის ნაკადის მოძრაობის ზრდასთან ერთად მატულობს აზოტის დიოქსიდის შემცველობა ჰაერში. "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" თავმჯდომარის, ეკა ლალიაშვილის განცხადებით, იმის გამო რომ ავტომობილებს ეფექტურად არ ამოწმებენ, ტექდათვალეირების გავლის შემდეგ მათი ნაწილი ჰაერს ისევ აბინძურებს. ლალიაშვილმა ასევე ისაუბრა დიზელის ძრავზე მომუშავე ტრანსპორტზე და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ეს საკითხი ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.ჰაერის დაბინძურების კიდევ ერთ მთავარ მიზეზად, სფეროს სპეციალისტები, მოძველებულ ავტოპარკს ასახელებენ, რომელიც დღეს პრაქტიკულად 90%-ია. სპეციალისტების თქმით, პრობლემება კომპლექსურია და მის აღმოსაფხვრელად, აუცილებელია რომ მთავრობამ ქმედითი ნაბიჯები გადადგას.