თბილისში გაზის ახალ აბონენტად დარეგისტრირების საფასური გაიზარდა. მომხმარებელს სახლში ბუნებრივი აირის შეყვანის შემთხვევაში გაორმაგებული თანხის - 800 ლარის გადახდა მოუწევს. 3 იანვრამდე გაზის ახალ აბონენტად დარეგისტრირება 400 ლარი ღირდა.
რაც შეეხება წყალკანილიზაციასთან მიერთების (წყალანირები) ფასს, ის 1500 ლარი ღირს, ხოლო დენის დაერთების საფასური 400 ლარი რჩება. თუმცა, როგორც სემეკ-ში განაცხადეს, ეს სტანდარტული ფასია და თუ მილების დიამეტრი არ ემთხვევა სტანდარტულს, ან კვანძი შორსაა, შესაძლოა, თანხა კიდევ გაიზარდოს. გამოდის, რომ ჯამში სულ ცოტა 2 ათას 700 ლარია საჭირო იმისათვის, რომ სახლი წყლით, გაზით და დენით უზრუნველყოთ.
აღსანიშნავია რომ ბუნებრივი აირის ახალ აბონენტად დარეგისტრირების ტარიფი თბილისის გარდა კიდევ 4 ქალაქში - რუსთავში, ბათუმში, ქუთაისსა და ფოთშიც გაიზარდა.