თბილისში, პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს მსოფლიოს გავლენიანი გამოცემები ეხმაურებიან.
BBC-ს ცნობით, ათასობით ადამიანი ქვეყნის საარჩევნო სისტემის რეფორმირებას ითხოვს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული მოთხოვნით საქართველოს დედაქალაქში აქციები უკვე 2 კვირაზე მეტია რაც მიმდინარეობს.
გავლენიანი ამერიკული გამოცემა "ვაშინგტონ პოსტი" აცხადებს, რომ ათასობით ადამიანი საქართველოში მთავრობის გადადგომას და ვადამდელ არჩევნებს ითხოვს. მათი ცნობით, მასშტაბური პროტესტი ქვეყანაში, მთავრობის მიერ შეუსრულებელმა დაპირებამ გამოიწვია, რაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას გულისხმობდა.
"დოიჩე ველეს" ინფორმაციით პოლიციამ დემონსტრაცია წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. გამოცემა აქციების ანტი-რუსულ ხასიათზეც წერს.
"ევრონიუსის" ინფორმაციით, კი პოლიციამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში 37 ადამიანი დააკავა. გამოცემის ცნობით, ოპოზიცია დაკავებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ დემონსტრანტები სლოგანით "ყველა ერთის წინააღმდეგ", ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იბრძვიან.