დედაქალაქში აშენებული საცხოვრებელი სახლების თითქმის ნახევარი ექსპლუატაციაში მიღებული არ არის. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ "ბიზნესპრესნიუსისთვის" მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, შარშან მერიაში საცხოვრებელი სახლების ექსპლუატაციაში მიღებაზე ათას 374 განაცხადი შევიდა, საიდანაც ზედამხედველობის სამსახურმა 47% ანუ 652 ობიექტი დაიწუნა. შესაბამისად, ექსპლუატაციაში 722 ობიექტი მიიღეს.
რაც შეეხება 2017 წელს, მაშინ ექსპლუატაციაში მიღებაზე მერიის ზედამხედველობის სამსახურში ათას 689 განაცხადი შევიდა, საიდანაც დადებითი დასკვნა მხოლოდ 875 ობიექტის შემთხვევაში გაიცა, 813 კი ზედამხედველობის სამსახურმა არ ჩაიბარა. როგორც ცნობილია, ფიზიკური და იურიდიული პირები, შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების მიზნით, განცხადებებს თბილისის მერიაში წარადგენენ, რომლებსაც ზედამხედველობის სამსახური განიხილავს და ობიექტს ექსპლუატაციაში იღებს, ან ხარვეზების არსებობის შემთხვევაში, უარს ამბობს მიღებაზე.