თბილისში 179-მდე დაუსრულებელი სამშენებლო ობიექტია. შესაბამისად, რამდენიმე ასეული ოჯახი უკვე წლებია საკუთარ საცხოვრებელს უშედეგოდ ელოდება. პრობლემის გადაჭრის მიზნით დედაქალაქის მერმა დეველოპერებს წინადადებების წარმოდგენის თხოვნით მიმართა და აქტიურობისკენ მოუწოდა. არქი ჯგუფის დამფუძნებელი მერიას დაუსრულებელ ობიექტებზე კოეფიციენტების მომატების უფლების მინიჭებას ურჩევს. ილია წულაიას განმარტებით, სხვა შემთხვევაში დეველოპერების დაინტერესება რთული იქნება. პირველი ნაბიჯი, რაც დაუსრულებელი სამშენებლო ობიექტების დასრულებისთვის გადაიდგა, სახელმწიფო ვალდებულებებისგან გათავისუფლება იყო. კერძოდ 2008 წლის აგვისტომდე დაწყებული მშენებლობები დამატებითი ღირებულების გადასახადისა და k2-ის მოსაკრებლისგან 2015 წელს გათავისუფლდნენ.