2019 წლის პირველი 3 თვის მონაცემებით, საქართველოში ტურისტების შემოდინების მიმართულებით, ისრაელი მე-8 ადგილზეა. ეს კი 115%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამასთან, დაგეგმილია, რომ საქართველოსა და ისრაელს შორის პირდაპირი ავიარეისების რაოდენობა გაიზარდოს, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ტურიზმის განვითარებას და ვიზიტორების რაოდენობის ზრდას. იმისთვის რომ საქართველოსა და ისრაელს შორის ეკონომიკური ურთიერთობა უფრო მეტად გაღრმავდეს, დროდადრო ქვეყნებს შორის ბიზნეს-ფორუმი იმართება. ერთ-ერთ ასეთ ფორუმს თბილისმა დღეს უმასპინძლა. ღონისძიებას ისრაელის მთავრობის ეკონომიკური ბლოკის წარმომადგენლები და 100-ზე მეტი ბიზნესმენი დაესწრო. საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტის, იციკ მოშეს განცხადებით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის საქართველო განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს და ახლა მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მთავრობამ ხელი შეუწყოს, საქართველოში ინვესტირებით დაინტერესებულ მხარეს. ამასთან, როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი ისრაელის ინვესტირებით, საქართველოში მალე 3 სასტუმრო აშენდება. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც შეხვედრაზე განსაკუტრებული ყურადღება გამახვილდა, ისრაელში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურ დასაქმებას ეხება. როგორც ებრაულმა მხარემ განაცხადა, ისრაელი ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას განაგრძობს.