თბილისის საქალაქო სასამართლოში „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ნოდარ მელაძემ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით ჩვენება მაგისტრ მოსამართლის თანდასწრებით მისცა.
ნოდარ მელაძის განცხადებით, სასამართლოში დაკითხვისას მასთან ძირითადად კითხვები იმასთან დაკავშირებით ჰქონდათ, თუ ვინ მიაწოდა მას ფარული აუდიო ჩანაწერები. როგორც მელაძე განმარტავს, დაკითხვისას საკმაოდ მძიმე საუბარი ჰქონდათ. ჟურნალისტის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი, ჩანაწერში არსებულ შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების გამოძიებას დაიწყებენ, ის ფარულ აუდიო ჩანაწერებს იმ ფორმით, რა ფორმითაც ახლა აქვს, საგამოძიებო უწყებას გადასცემს.
ცნობისთვის, „ტვ პირველის" ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიოჩანაწერი, რომლითაც, მათივე მტკიცებით, მომღერალი ბერა ივანიშვილი, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დასჯას სთხოვს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. ამასთან, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ამ საკითხზე ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრობს, რომელიც ამ ქმედებებს იწონებს.