სასამართლომ "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა. თბილისის საქალაქო სასამართლომ რურუასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ზომის - პატიმრობის გადასინჯვაზე იმსჯელა, თუმცა დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვდა ბრალდების მხარე და აცხადებდა, რომ პროკურატურის მტკიცებულებების გათვალისწინებით, რურუას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი არ არსებობდა.
სასამართლოში იმყოფებოდნენ "ევროპული საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, რომლებიც 8 მარტის შეთანხმების სრულად შესასრულებლად რურუას გათავისუფლებას მოითხოვდნენ.
გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 18 ნოემბერს, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. ის ერთ-ერთია, ვის გათავისუფლებასაც ოპოზიცია ხელისუფლებისგან 8 მარტის შეთანხმების ფარგლებში მოითხოვს.