თბილისის „მიკროავტობუსი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. კომპანია მოუწოდებს მგზავრებს, 8 თებერვლიდან მიკროავტობუსებით გადაადგილებისას უსაფრთხოების წესეები მაქსიმალურად დაიცვან. 8 თებერვლიდან, სრულად აღდგება კომპანიის დაქვემდებარებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა მომსახურეობა, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით. აკრძალულია მგზავრის დაშვება მიკროავტობუსში დამცავი პირბადის გარეშე; აიკრძალა გაგრილების სისტემის ჩართვა მიკროავტობუსებში; სავალდებულოა სატრანსპორტო საშუალების ღია ფანჯრებით გადაადგილება. კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ სატრანსპორტო ხაზზე გასულ ყველა მიკროავტობუსს ავტოფარეხში დაბრუნებისთანავე ყოველ დღე ჩაუტარებს დეზინფექციას. კომპანია თბილისის მიკროავტობუსი უმორჩილესად სთხოვს ყველა მომხმარებელს, კომპანიის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისას აუცილებლად გამოიყენოს პირბადე და დაიცვას ზემოთ ჩამოთვლილი უსაფრთხო გადაადგილებისთვის აუცილებელი წესები, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია მძღოლს უტოვებს უფლებას არ დაძრას მიკროავტობუსი - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.