დედაქალაქში მდებარე ექვს ქუჩას 9 აპრილს დაღუპული ექვსი ქალის სახელი მიენიჭება. შესაბამის საკითხზე თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია დღეს საჯარო განხილვას გამართავს.ინიციატივის მიხედვით, გათვალისწინებულია, თბილისში, ჩუღურეთის რაიონში მდებარე უსახელო ქუჩებისთვის 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული მზია ჯინჭარაძის, თამუნა დოლიძის, თინა ენუქიძის, მანანა ლოლაძის, ელისო ჭიპაშვილისა და თამარ მამულაშვილის სახელების მინიჭება.9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა.