თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის პროექტის გამო ორი კომპანიის ქონება ექსპროპრიაციას დაექვემდებარება. საუბარია, შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ ავტოგასამართ სადგურსა და შპს „ავზი-94“-ის ბენზინგასამართ სადგურსა და საკვების ობიექტზე. მესაკუთრეებთან შეუთანხმებლობის მიზეზი ქონების გამოსასყიდი ღირებულებაა. როგორც ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელის ნინო ჯავახაძის ბრძანებაშია აღნიშნული, "სან პეტროლიუმ ჯორჯიას" 181 კვადრატული მეტრის ფართი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა; ხოლო „ავზი-94“-ს კუთვნილი ფართის 11 501 კვ. მეტრის ნაწილი - 71 კვ.მეტრი და მასზე არსებული შენობა ნაგებობა-ჩამოერთმევა. თბილისი-რუსთავის გზის რეკონსტრუქციის პროექტი 17.1 კილომეტრი სიგრძის 2-ზოლიანი გზის I კატეგორიის 4-ზოლიან გზატკეცილად გაფართოებას ითვალისწინებს, რომლის საპროექტო სიჩქარე საერთო დაგეგმილი სიჩქარით 120 კმ/სთ-ია.