თბილისი ენერგეტიკისა და ელექტროტექნიკის საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს. ღონისძიების მთავარი მიზანია სექტორში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება. ენერგეტიკოსები ჰესების აშენების აუცილებლობაზე თანხმდებიან, თუმცა ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად, გენერატორების სიმძლავრის ნაკლებობას ასახელებენ, რაც თავის მხრივ, საქართველოს, იმპორტზე დამოკიდებულს ხდის. სფეროს სპეციალისტების თქმით, აუცილებელია რომ ქვეყანაში გენერაციის ობიექტები სწრაფი ტემპით აშენდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში არ გამორიცხავენ, რომ იმპორტზე დამოკიდებულება გაიზარდოს. უარეს შემთხვევაში კი ქვეყანა ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს.
ფორუმზე განსაკუთრებული ყურადღება კიდევ ერთ პრობლემურ საკითხს დაეთმო. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ საქართველოში შემოსულ ინვესტორებს არ აქვთ ინფორმაცია, თუ რა ინსტრუმენტები იქმნება მათი უფლებების დასაცავად. სწორედ ამიტომ, ენერგეტიკის ექსპერტის, ლევან ვეფხვაძის თქმით, არ არის გამორიცხული რომ ქვეყანაში ინვესტორების რაოდენობა შემცირდეს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანას ნეგატიურ შედეგებს მოიტანს.
სფეროს სპეციალისტებს, სექტორში არსებული პრობლემების მოგვრების ერთ-ერთ მთავარ გზად, ენერგეტიკის სამინისტროს არსებობა მიაჩნიათ. ენერგეტიკოსები ფიქრობენ, რომ აღნიშნული უწყების გაუქმება, მით უფრო რეფორმების ფონზე, არასწორი გადაწყვეტილება იყო და სექტორში პრობლემებმა მნიშვნელოვნად იჩინა თავი.