თბილისში, დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, ტენდერი გამოცხადდა. სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 7 აგვისტოს დაიწყება და 12 აგვისტოს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი, 830 ათას 508 ლარია.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, თბილისის დენდროლოგიური პარკი მდებარეობს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე. პარკის საერთო ფართობი შეადგენს 163 ჰექტარს, აქედან ტყით დაფარულია 93 ჰექტარი.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, პარკი რეკრეაციული თვალსაზრისით საინტერესო უნდა იყოს ყველა ასაკის ადამიანისთვის. პარკი დენდროლოგიური თავლსაზრისით მაქსიმალურად უნდა დაიტვირთოს, დაირგოს მცენარეთა დეკორატიული სახეობები, შეიქმნას დენდროლოგიური ზონები. ამასთან, სატენდერო პირობების თანახმად, კვლევის ეტაპზე უნდა შეისწავლონ ველობილიკის ქსელის მოწყობის შესაძლებლობა, უნდა აღდგეს არსებული ტბა და კუნძული და მოეწყოს მასზე შესაბამისი გადასასვლელი.