რუანდაში მდებარე კივუს ტბა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო ბუნებრივი წყალსატევია - ის ზღვასავით, უზარმაზარი ზომის და ძალიან ღრმაა. ტბა ტექტონიკურ ქვაბულში, 1460 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. მისი სიღრმე ზოგ ადგილებში 0,5 კმ-ს აღწევს, ამიტომ მსოფლიოს 10 ყველზე ღრმა ტბების რიცხვში შედის. ტბა ვულკანური ლავებით ძველი მდინარეული ქსელის გადაკეტვის შედეგად წარმოიქმნა. მისი ნაპირები ციცაბოა და შეჭრილ-შემოჭრილია. ტბაში 150-ზე მეტი დიდი და პატარა კუნძულია მიმოფანტული.მაგრამ ყველაზე საინტერესოა, რომ კივუს ტბა ვულკანური აირების უზარმაზარი მარაგის გამო პლანეტაზე ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადგილად მიიჩნევა. კვლევის მიხედვით, მის ფსკერზე, დაახლოებით, 65 კ. კმ. მეთანის და 256 კ.კმ ნახშირორჟანგის საცავია, რამაც შეიძლება გლობალური კატასტროფა გამოიწვიოს.საქმე ის არის, რომ ნახშირორჟანგი ტბაში ისეთ სიღრმეზე მდებარეობს, სადაც მაღალი წნევა და დაბალი ტემპერატურაა. მიწის უმნიშვნელო მოძრაობამაც კი შეიძლება ისეთი ეფექტი გამოიწვიოს, როგორსაც გაზიანი სასმელის ბოთლის შეჯანჯღარებისას ვხედავთ. ასეთ დროს ტბიდან ტონობით ნახშირორჟანგი ამოიტყორცნება და რამდენიმე კილომეტრის რადიუსში ყველა ცოცხალ არსებას გაანადგურებს!კივუს ტბის ნაპირზე, დაახლოებით, 2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ეს ადამიანები ტბაში ყოველდღე ბანაობენ, თევზაობენ, ნავებით დაცურავენ და ცხოვრებით ტკბებიან და არც კი ფიქრობენ, რომ ტბამ შეიძლება, მათი სიცოცხლე ნებისმიერ წამს დაასრულოს.მაგრამ ეს ყველაფერი არ არის...როდესაც ექსპერტებმა კივუს შესწავლა დაიწყეს, აღმოჩნდა, რომ მასში ნახშირორჟანგის კონცენტრაციაზე საშიშია კიდევ ერთი მომაკვდინებელი აირის არსებობა - კივუს ტბის წყალი მეთანს შეიცავს. შესაბამისად, ამ თვალწარმტაც ტბას არა მხოლოდ მომწამვლელი აირის გამოყოფა, არამედ კატასტროფული აფეთქების გამოწვევა შეუძლია და ამისთვის მცირე ნაპერწკალიც საკმარისია!მაგრამ ჭკვიანმა ადამიანებმა სარგებელი ამ სიტუაციაში ნახეს და მეთანის პირდაპირ ტბიდან ამოტუმბვა დაიწყეს. ტბის მარაგი სრულიად საკმარისია მთელი ქვეყნის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფისთვის.ტბის ნაპირზე დგას ლუდსახარში, რომელიც ყველაზე პოპულარულ ადგილობრივ ლუდს Primus-ს და Heineken-ს აწარმოებს.და კიდევ, ერთი პარადოქსი:მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ტბა, პრაქტიკულად, მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ადგილია, თუკი ნიანგების გეშინიათ - მეთანის გამო, აქ არათუ ნიანგები, კოღოებიც კი არ არიან.ასე რომ, აქაურობა ნამდვილი ამქვეყნიური სამოთხეა ... თუმცა, უმცირეს მიწისძვრამდე!