პირველი ბრიტანული ხმოვანი ფილმის "შანტაჟის" დადგმის და ამერიკაში გადაბარგების შემდეგ, ალფრედ ჰიჩკოკმა კარიერის ექვსი საუკეთესო ფილმი გადაიღო, რომელთა შორის ერთ–ერთი სწორედ "ჩიტებია". მართალია, თავის დროზე კრიტიკოსებმა დაიწუნეს სასპენსის ოსტატის ნამუშევარი, მაგრამ ორიგინალობისა და ნოვატორული კინოხერხების წყალობით, დღეს ფილმი შედევრად და ფანტასტიკური "ჰორორის" ერთგვარ ეტალონად ითვლება.
ახალგაზრდა, მომხიბვლელი მელანი დენიელზი ზოომაღაზიაში შემთხვევით გაცნობილ სიმპათიურ მამაკაცს მიტჩ ბრენარს სტუმრობს და წარმოდგენაც არ აქვს, რომ მყუდრო საღამო ოჯახურ წრეში მალე ნამდვილ კოშმარად იქცევა, რადგან მოულოდნელად მოფრენილ, უჩვეულოდ აგრესიული ჩიტების არმიასთან მოუწევს ბრძოლა.
ბავშვობიდან ჩიტებზე დაკვირვებით გატაცებული ჰიჩკოკი ენთუზიაზმით შეუდგა ფილმზე მუშაობას, რომელსაც ერთის მხრივ, საგაზეთო პუბლიკაცია, მეორეს მხრივ, დაფნა დიუმორის ამავე სახელწოდების მოთხრობა დაედო საფუძვლად. აღსანიშნავია, რომ პროდიუსერმა ჯოან ჰარისონმა უფლება ნაწარმოების ეკრანიზაციაზე სერიალის "ალფრედ ჰიჩკოკი წარმოგიდგენთ" ერთ-ერთი ეპიზოდის დასადგმელად შეიძინა, თუმცა, შიშისმომგვრელი ისტორიების მოყვარული ჰიჩკოკი ისე მოიხიბლა მოთხრობით, რომ სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღება გადაწყვიტა.