რუსული იმპერიალიზმი კომუნიზმის სახელით მძვინვარებდა. იდევნებოდნენ თავისუფალი იდეის მქონე ადამიანები, ჩეკისტების გამოსროლილ ტყვიებს შეეწირნენ ისინი, ვისაც ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური ამინდი უნდა შეექმნათ. სასწორის პინაზე ორ პოლუსიანი ქართველობა გადანაწილდა. დიდი ჯგუფი თავიანთ მერკანტილურ მიზნებს კომკავშირის ფანჯრებიდან უყურებდნენ, რომლებსაც გამადიდებელი მინებიდან ხედავდნენ, რეალობა კი უსახური იყო... მეორე მხარეს, მცირე ჯგუფი აღმოჩნდა. ამ პატარა ერისთვის კი, მეტისმეტად ბევრი. პატრიოტები, რომლებიც ვერ დააჩოქეს, ვერ დაიმორჩილეს და არ ამოიტვიფრეს ეროვნულ გულზე დამღა: კომუნიზმი. საქართველოს ერთგულ ადამიანებს ჯილდოდ ორ კაპიკიანი ტყვია, უკეთეს შემთხვევაში კი, გადასახლება არგუნეს. რეპრესირებულებს შეეძლოთ ამ ქვეყნისთვის შეექმნათ ბევრი რამ, თავიანთი მოწოდებების შესაბამისად. თუმცა, ყოველი მათგანი გაერთიანდა ეროვნულობის ირგვლივ და ერთად წერეს ისტორია, რომლის სისხლისფერ ფურცლებს ჩვენ მხოლოდ ახლა ვფურცლავთ...აპოლონ კაკაბაძე - ეს სახელი და გვარი ალბათ, ახლა ბევრს არაფერს გვეუბნება. თუმცა, აუცილებლად გვეცოდინებოდა იმ შემთხვევაში, თუ კომუნისტები განვითარებასა და განუვითარებლობას შორის არჩევანს დეგრადაციაზე არ გააკეთებდნენ. თუ ჩვენს ქვეყანაში სტალინი ცხოვრებისა და მოღავწეობის უფლებას დაუტოვებდა.