თავდაცვის სამინისტროს კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ახალი დირექტორი ჰყავს. ლიცეუმის ყოფილმა დირექტორმა ალექსი კეკელიამ კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დროშა ახალ დირექტორს შალვა ძინძიბაძეს გადააბარა. დროშის გადაცემის საზეიმო ცერემონიალს ქუთაისში თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი დაესწრნენ.კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მეთაურობის საზეიმო გადაბარების ცერემონიალი პირველად გაიმართა და მინისტრის გადაწყვეტილებით ის ტრადიციად დამკვიდრდება. ღონისძიების დაწყებისას სამინისტროს ხელმძღვანელობამ და მოწვეულმა სტუმრებმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს, რის შემდეგაც კადეტებს, ლიცეუმის წარმომადგენლებს და მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს.