თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, საქართველოს თავდაცვის ძალების წინააღმდეგ მორიგი, სიცრუეზე დაფუძნებული ნეგატიური კამპანია მზადდება, რომელიც ევროპული წარმოების სამხედრო ფეხსაცმლის, მათ შორის დაბალყელიანი ჩექმის შემოტანას ეხება.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თავდაცვის ძალებისთვის ბაზრის ლიდერი კომპანიების მიერ დამზადებული ზამთრის და ზაფხულის სამხედრო ფეხსაცმლები შეიძინეს, რომელიც სამინისტროს განმარტებითვე, წყალგამძლე, ქარგაუმტარი და ჰაერგამტარია, ყველა ის შესაძლო ბრალდება კი, რაც პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მხრიდან შეიძლება გავრცელდეს, უსაფუძვლოა და მიმართულია ჯარის საკეთილდღეოდ გადადგმული ნაბიჯების დასაკნინებლად.