საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ეთნიკურად აზერბაიჯანელ სამხედრო მოსამსახურეებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა. მინისტრი თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაისთან ერთად მარნეულის საავიაციო ბაზაზე იმყოფებოდა. ლევან იზორიამ ეთნიკურად აზერბაიჯანელ სამხედროებს და მათ მშობლებს ღირსეული მამულიშვილების აღზრდისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, თავდაცვის უწყება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მათ სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ სურვილის შემთხვევაში კარიერული წინსვლის შესაძლებლობა მიეცეთ. აღნიშნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, მინისტრის გადაწყვეტილებით 21 და 22 მარტს მუსლიმი სამხედრო მოსამსახურეები დაისვენებენ.