სტრატეგიული პარტნიორობისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებმა საქართველოს თავდაცვის უწყებაში გამართულ შეხვედრაზე.
ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგას, გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უმასპინძლა. დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობა რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტია.
მინისტრებმა სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებზეც იმსჯელეს. შეხვედრის დასასრულს ირაკლი ღარიბაშვილმა და ზაკირ ჰასანოვმა 2020 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გააფორმეს, რომელმაც თავდაცვის სფეროში ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და თანამშრომლობას უნდა შეუწყოს ხელი.