საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სწრაფი რეაგირების რქბ დაცვის ასეული მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების საკარანტინო ზონას 24-საათიან რეჟიმში აკონტროლებს.
რქბ დაცვის ასეულის წევრები საკონტროლო გამშვებ პუნქტზე ყველა შემავალ და გამომავალ სატრანსპორტო საშუალებას დეზინფექციას სპეციალური ხსნარებით უტარებენ. პერიოდულად კი, სამხედრო მოსამსახურეები მიმდებარე ტერიტორიის დეკონტამინაციასაც ახორციელებენ.
ასეულის პირადი შემადგენლობა დეკონტამინაციისთვის სპეციალურ ტექნიკას და აღჭურვილობას იყენებს, რომელიც ქართულ მხარეს ამერიკელი და გერმანელი პარტნიორებისგან უსასყიდლოდ გადაეცა. საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის რქბ (რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური) დაცვის ასეულმა შესაბამისი მომზადება ამერიკელი და გერმანელი ინსტრუქტორების დახმარებით გაიარა.
მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბოლნისისა და მარნეულის მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის ძალები კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში პირველივე დღიდან ჩაერთო. თავდაცვის ძალები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და უსაფრთხოების სამსახურთან სრულ კოორდინაციაში საკარანტინო შეზღუდვებს საგანგებო რეჟიმში აკონტროლებენ.