თავდაცვის ძალები საქონლის ხორცის შემდეგ ასევე უმაღლესი ხარისხის ქართული წარმოების ღორის ხორცით მომარაგდება. 2020 წლის დასაწყისიდან სამხედრო მოსამსახურეები, გაუყინავი, უმაღლესი ხარისხის ქართული წარმოების საქონლის ხორცით იკვებებიან. დღეიდან კი სამხედრო მოსამსახურეებისათვის სამინისტრო, ასევე ადგილობრივი წარმოების, ღორის ხორცს (დარბილებული - ახალი, გაცივებული) შეისყიდის.
თავდაცვის ძალები დღემდე ქართული გაუყინავი ღორის ხორცით არასოდეს მომარაგებულა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჯარი სრულად ქართული წარმოების საქონლისა და ღორის ხორცით მომარაგდება. სამხედრო მოსამსახურეებისათვის კვებითი პირობების გაუმჯობესება, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად დასახელდა და ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანი სიახლეები ხორციელდება. 2019 წლის 1 ნოემბრიდან კვებით რაციონში ხორცის ნორმა გაიზარდა.
ასევე, მინისტრის დავალებით, შეიცვალა კვების რაციონი და მთელი პირადი შემადგენლობა სპეციალური ოპერაციების ძალებისათვის განსაზღვრულ კვებაზე გადავიდა, რაც კვების მოცულობის ზრდასა და მრავალფეროვნებას გულისხმობს.