ემანუელ მაკრონი - თანამედროვე ევროპის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია, რომელმაც ბრწყინვალე კარიერა გაიკეთა და ჯერ საბანკო სფეროში მოსინჯა შესაძლებლობები, მერე პოლიტიკაში, 39 წლისა კი, საფრანგეთის ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი გახდა. მართალია, მაკრონს მომხრეც მრავლად ჰყავს და მოწინააღმდეგეც, მოწონებასაც ხშირად იმსახურებს და მკაცრ კრიტიკასაც, მაგრამ ყოველთვის ახერხებს სიმშვიდის შენარჩუნებას და საკუთარ პრინციპების ერთგულად დაცვას.
ემანუელ მაკრონი 1977 წლის 21 დეკემბერს დაიბადა ქალაქ ამიენში, სამეცნიერო ინტელიგენციის წარმომადგენელთა ოჯახში. მისი მამა - ნევროლოგიის პროფესორი ჟან-მიშელ მაკრონი პიკარდიის უნივერსიტეტში მუშაობდა, დედა - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ფრანსუაზა მაკრონ-ნოგესი კი, სოციალური უზრუნველყოფის ექიმი იყო, თუმცა, თავად ემანუელის განცხადებით, მეტწილად მაინც ბებიამ გაზარდა, რომელმაც არა მხოლოდ ლიტერატურა, კლასიკური მუსიკა და ფორტეპიანოზე დაკვრა შეაყვარა, არამედ მისი მემარცხენე შეხედულებებიც განსაზღვრა.
დაწყებითი განათლება ემანუელმა მშობლიური ქალაქის იეზუიტურ კოლეჯში მიიღო. ბრწყინვალე ინტელექტისა და გამჭრიახი გონების წყალობით მომავალი პრეზიდენტი ყოველთვის საუკეთესო მოსწავლეებს შორის იყო და ერთნაირი სიმსუბუქით მოიპოვებდა პრიზებს როგორც სამსახიობო და მუსიკალურ, ისე ლიტერატურულ კონკურსებში, თანატოლებთან ურთიერთობას კი, ყოველთვის უფროსებთან მეგობრობა ერჩივნა, რაც მოგვიანებით მის პირად ცხოვრებაზეც აისახა.