აქ ერთმანეთს ორი რადიკალი ეჯიბრება. ერთი მხრივ 2,5-ტონიანი ელექტრომობილი და მის პირისპირ მდიდრული SUV 6-ლიტრიანი ძრავით. შესაბამისად, ჩნდება კითხვა: ეს ყველაფერი აუცილებელია, ტექნიკით აღფრთოვანება ასე მნიშვნელოვანია?ორივე ავტომობილი თანამედროვე ავტოწარმოების ვარსკვლავია. თუ გინდა, რომ თანამედროვე ავტოწარმოების მწერვალები წარადგინო, სცენაზე სწორედ ეს მანქანები უნდა აიყვანო. ახლახან, ლას ვეგასში გამართულ ტექნიკის შოუზე "ფარადეიმ" სრულიად ახალი ელექტრომობილი რომ წარმოადგინა, ჩვენმა გმირებმა, Tesla Model X-მა და Bentley Bentayga-მ სანაძლეო დადეს: ერთმა თქვა, ეგ 2019 წელს გამოვაო, მეორემ - არა, 2020-შიო. მათგან ასეთი დაცინვა ლოგიკურია, რადგან "ტესლა" და "ბენტლი" დღესვე არსებობენ და სტუდიური მოდელები კი არ არიან, არამედ უკვე ერთმანეთის პირისპირ დგანან, როგორც სერიული მოდელები და მზად არიან რადიკალური შედარებისთვის. მნიშვნელობა არა აქვს, მოგწონთ თუ არა თქვენ ერთი ან მეორე, თამამად უნდა ითქვას, რომ ორივე მათგანი უკვე საავტომობილო ისტორიის ნაწილია.