ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, სახელფასო დავალიანების შესახებ უწყების ცხელი ხაზის - 15 22-ის თანამშრომლების ნაწილის ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ ისინი კუთვნილ ანაზღაურებას მიიღებენ.
ამასთან, როგორც გაბუნიამ აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის რეორგანიზაცია მიმდინარეობს, რასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხებიც კვირის ბოლომდე დასრულდება.
რაც შეეხება ინფორმაციას, რომ გუშინ 15 22-ის ოპერატორების დიდი ნაწილი გაიფიცა, მინისტრის მოადგილის თქმით, „ამას პროტესტს ვერ დაარქმევდა და მიმდინარეობს შიდა სამუშაოები“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის - 15 22- ის თანამშრომლის ინფორმაციით, თებერვლის თვის სახელფასო ანაზღაურება ჯერ კიდევ არ მიუღიათ, რის გამოც გუშინ თანამშრომლების დიდი ნაწილი გაიფიცა.