„კოვაქსის პლატფორმის“ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ ვერ დააკმაყოფილა კრიტერიუმი, რომელიც „კოვაქსმა“ დააყენა, სწორი არ არის, - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ „ინტერპრესნიუსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც „კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინა თებერვალში. მისივე თქმით, საქართველომ „ფაიზერისგან“დამატებითი მოთხოვნები მიიღო.
ცნობისთვის, როგორც „კოვაქს პლატფორმიდან“ „ინტერპრესნიუსს“ უპასუხეს, თებერვალში ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც მათ მიერ გათვალისწინებული კრიტერიუმები დააკმაყოფილეს. „კოვაქსი“ მოელის, რომ გზავნილების ძირითადი წილი მარტში განხორციელდება.
რაც შეეხება კრიტერიუმებს, რომლებსაც ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს, მათი განმარტებით, „ყველა მონაწილე ქვეყნის ეროვნულმა რეგულატორმა ავტორიზება უნდა მისცეს შემოსატან ვაქცინას; ასევე, ყველა მონაწილემ ვაქცინის მწარმოებლებთან უნდა გააფორმოს ზარალის ანაზღაურების კონტრაქტი, რათა „კოვაქსის პლატფორმიდან“ დოზების მიღება შეძლოს“.